ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული.
„ეს არაა ომი, ესაა ქვეყნის მასობრივი განადგურება“, - აღნიშნა ბორელიმ. მისი თქმით რუსეთი „ომის კანონებს“ არ ითვალისწინებს.
ჟოზეპ ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სამიტის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა იმსჯელოს ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
„ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რა სანქციები შეგვიძლია დავუწესოთ რუსეთს, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში", - თქვა ბორელიმ.
ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი გეგმავს უახლოეს ხანებში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მლნ ევრო გამოყოს.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ასევე წაიკითხეთ
Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის